Wednesday, March 23, 2016

მარტვილის კანიონი


მდებარეობა.
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, თბილისიდან 274 კმ., ქუთაისიდან 46 კმ, ბათუმიდან 140 კმ, ფოთიდან 74 კმ, ხოლო ანაკლიიდან 100 კმ მანძილზე.
მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლებით. მათ შორის გამოირჩევა სოფ. სალხინოს დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილისა (VII ს.) და ბალდის მამათა მონასტრები. ბუნების ძეგლთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მოთენას, არსენ ოქროჯანაშვილის, ტობას მეორე და ჯორწყუს მღვიმეები; რაჩხის უნიკალური ვოკლუზები და იშვიათი რელიქტური ტყეები. არანაკლებ ყურადღებას იპყრობს მდ. ტეხური ბუნების უნიკალური ძეგლებითა და იშვიათი ტყეებით.
გაჭედილას კანიონი(ქ.მარტვილიდან 5 კმ.)
გაჭედილის კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილსა და ინჩხურს შორის. მდ. აბაშა კვეთს ანტიკლინურ სერს და წარმოქმნის გაჭედილის კანიონს, რომლის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. რამდენიმე ადგილას კანიონი საფეხურებრივია და შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის მარტვილის ცნობილ ჩანჩქერს წარმოქმნის. კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეცურვა არის შესაძლებელი.

გაჭედილის კანიონიდან 3.5 კმ დაშორებით სოფ. პირველ ბალდაში მდებარეობს მოთენას მღვიმე. სოფლამდე ავტოტრანსპორტის სავალი გზაა. აღმოსავლეთით არსებულ ტაბაკელას ქედზე მდებარეობს მოთენას მღვიმე, რომლისკენაც სოფლიდან მიემართება 0.5 კმ სიგრძის ბილიკი.
მოთენას მღვიმე (ზ.დ. 570 მ) გამომუშავებულია ეოცენურ შრეებიან კირქვებში. მღვიმე ჰორიზონტალურია და აღმავალი. მისი წინა ნაწილი ჩამონგრეულია და ღია ხეობას წარმოადგენს. მოთენას მღვიმე შედგება ორი დიდი დარბაზისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო ხვრელით. პირველი დარბაზის სიგრძეა 30 მ, სიმაღლე – 24-25 მ. მღვიმის ჯამური სიგრძეა 75 მ. ქიმიური ნალექებიდან შეინიშნება სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ტრავერტინის კასკადები და ფარდები; მექანიკურიდან – ლოდები და თიხის ნაფენები; გაედინება მცირე მდინარე. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები, მწერები და სხვ. აქვეა ისტორიული დროის ნაგებობა, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყენებული იყო ციხე-სიმაგრედ. მღვიმე ადვილი გასავლელია.
                                                                          https://www.youtube.com/watch?v=CjaepRxkx7g
დილით მივემართებით ტობას კასკადოვანი ჩანჩქერისკენ, რომელიც ბანაკიდან 1.5 კმ მანძილზე მდებარეობს. ჩანჩქერამდე ბილიკი მარტივად სავალია. ბილიკის ბოლოს მივადგებით ჩანჩქერის კასკადის ბოლო საფეხურს რომლის სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია. თუ სურვილი გვაქვს კასკადის შუა ნაწილზე მოვხვდეთ და იქედან გადმოვხედოთ მთლიან კასკადს, ეს შესაძლებელია ჩანჩქერის მარცხენა ციცაბო ფერდობზე არსებული ციცაბო ბილიკის ავლით.

გაჭედილი
გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი ერთ-ერთი ულამაზესი და გასაოცარი ადგილია საქართველოს ულამაზეს მხარეში-სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილის მიდამოებში. სოფელ გაჭედილის კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 240 მეტრზე. კანიონის სიგრძე 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე- 20-40 მეტრია. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მეტრი სიმაღლის მარტვილის ცნობილ, ულამაზეს ჩანჩქერს წარმოქმნის. თუმცა, ეს ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა. საინეტერსო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან. მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა. ამ ადგილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკანტებმა 2010 წლის ივლისში მიაგნეს, რის შედეგადაც მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორ ნატერფალიც იპოვეს.
2011 წელს სოფელ გაჭედილში კვლავ მოეწყო ექსპედიცია, რომელმაც უკეთესი შედეგი აჩვენა. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთებს, მათ ძვლებსა და ნასუფრალსაც კი მიაგნეს. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. 2010 წლის 4 ოქტომბერს ყველა ამ გასაოცარი ფაქტის გამო გაჭედილის კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. ყოველწლიურად, კანიონს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. აქ ხშირად ეწყობა ლაშქრობები და სასკოლო ექსკურიები. მნახველს კანიონში ნავით საკმაოდ ღრმად შეუძლია შეცუროს და ნამდვილი ბუნების სასწაული სრულად იხილოს. სხვათა შორის, აქვეა დადიანების ცნობილი სამეფო საბანო ადგილიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კანიონის გამჭვირვალე, ფირუზისფერი წყალი წელიწადის ყველაზე სეზონზე ძალიან ცივია და ფაქტობრივად, არ თბება.
რატომ დაერქვა ამ ადგილს გაჭედილი (მეგრულად გოჭკადილი) ?
ეს კითხვა ამ ადგილის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრს უჩნდება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის თუ რატომ დაარქვეს ამ ადგილს გაჭედილი. გადმოცემით, თურმე XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს . სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.